ვახტანგ მეგრელიშვილი - ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ნდობა არ შეიძლება, თუ პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავძლევთ, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მეგობრების გარეშე დავრჩებით
ვახტანგ მეგრელიშვილი - ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ნდობა არ შეიძლება, თუ პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავძლევთ, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მეგობრების გარეშე დავრჩებით

ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ნდობა არ შეიძლება. თუ  პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავძლევთ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი მეგობრების გარეშე დავრჩებით, სინამდვილეში ესაა კატასტროფა,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი ბოლო შანსია, გამოიყენონ დახმარება, რომელიც შარლ მიშელის წარმომადგენლის მეშვეობით მიიღეს.

„ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ დავადასტურეთ, რომ ჩვენი ნდობა არ შეიძლება. ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულადაა საქმე იმ თვალსაზრისით, რომ თუ ამ პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავძლევთ, მართლა დავრჩებით რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი მეგობრების გარეშე და ესაა სინამდვილეში კატასტროფა. თან ამას ვაკეთებთ რაღაცნაირი სიბრიყვით და ვაჩვენებთ, რამდენად სულელურად და ბავშვურად ვიქცევით. ალბათ, ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ გამოვიყენოთ ის დახმარება, რომელიც შარლ მიშელის ასისტენტის მეშვეობით მოგვეცა. ორივე მხარეს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზნად აქვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე მოიგოს ომი. არა არჩევნებზე მოიგოს, არამედ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯაბნოს მოწინააღმდეგე და ეს არის პრობლემა. ფაქტობრივად, ესაა მაგიდასთან გამართული ბრძოლა, ორივეს მიზანი აქვს, შუამავალი მის მხარეს იყოს და ფაქტობრივად იქ დაასრულოს ბრძოლა. ჩემი აზრით, მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში ექნება შანსი, თუ მხარეები დაინახავენ, რომ ასეთი ფორმით მოწინააღმდეგეზე გამარჯვება არის შეუძლებელი. ამ მოლაპარაკების არსი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კალაპოტში დააბრუნოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. განცხადების თანახმად, დანიელსონი ​მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით.