ვახტანგ მეგრელიშვილი - ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ
ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. როგორც ყველა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და თუ ჩვენ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა. ვფიქრობ, ბოლო შემთხვევა შეიძლება, იყოს და მხოლოდ ამით გამოვისყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ, თუ ამის შემდგომ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს და აღარასოდეს აღარ დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. ღონისძიებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან. ღონისძიებაზე ონლაინ ერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.