ვახტანგ მეგრელიშვილი - დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში
დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.
ამასთან, მეგრელიშვილის თქმით, დანიელსონმა აღნიშნა, რომ რომელიმე მხარე არ მიაჩნია რუსეთის წარმომადგენლად.
„დანიელსონთან ჩვენი შეხვედრა დაიწყო იმით, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში. ანუ, რომელიმე მხარე კი არ ხართ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ის ბრძოლა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, თქვენი ეს საქციელი, არის რუსეთის ინტერესებში.
ოპოზიციას მოგვმართა პირველი შეხვედრის დროს და ეს არ არის დასამალი, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე რეგიონში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოსულია არა რუსეთიდან, მოსკოვიდან წარმომადგენელი, არამედ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დანიელსონის ეს განცხადება ოპოზიციონერებს არ გაუპროტესტებიათ.