ვახტანგ მეგრელიშვილი -  ჩვენი გეგმის შესახებ საჯაროდ ორშაბათს გამოვაცხადებთ, არ გამოვრიცხავ, „გირჩის“ იდეამ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებშიც გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენი გეგმის შესახებ საჯაროდ ორშაბათს გამოვაცხადებთ, არ გამოვრიცხავ, „გირჩის“ იდეამ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებშიც გარკვეული ინტერესი გამოიწვიოს

მგონია, იმ შემთხვევაში, თუ პროცესი ჩაიშალა, ნებისმიერ პარტიას, რომელსაც რაიმე პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებლად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით მეგრელიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „თუ არ განვითარდა პოზიტიურად პროცესი ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მაშინ რა სურათს მიიღებთ“.

„ყველანი გვლანძღავენ, რომ ასე არ შეიძლება მოქცევა, უცხოელები როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას გვეუბნებიან ამას. უბრალოდ არ ვიცი, რომელ ნაწილში უნდა მივიღო ჩემთან დაკავშირებით პრეტენზია უცხოელების ან ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. თუნდაც ამომრჩევლების, რომლებიც პოლიტიკოსებს სხვადასხვა ტიპის პრეტენზიას გვიყენებენ. ამიტომ, მგონია, იმ შემთხვევაში, თუ პროცესი ჩაიშალა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პარტიას, რომელსაც რაიმე პრეტენზია აქვს დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებლად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება.

დანიელსონის ვერსია, ჩვენი მომლაპარაკებლის შემოთავაზება დაახლოებით იყო, რომ ხელისუფლებამ ადამიანებს თავი უნდა დაანებოს, ეს პრობლემა მოაგვაროს, ხოლო ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებს დაანებოს თავი. სინამდვილეში, თუ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა, მაშინ ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება ოპოზიციაზე. მათ მართლა კარგად უნდა ახსნან (არა საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში, როგორც გიგი საუბრობდა) არგუმენტაცია რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებით. უცხოელებისთვისაც გასაგები გახდება და აღარ იქნება ჭოჭმანი, რომელი მხარის, რა პასუხისმგებლობაა ამ კონფლიქტში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა „გირჩის“ გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საჯაროდ მომავალი კვირის დასაწყისში ისაუბრებენ.

„დღეს ფაქტობრივად, ჩვენი სათათბირო ამტკიცებს ჩვენს გეგმას, რომელსაც შაბათ-კვირას შიგნით განვიხილავთ და ორშაბათს გამოვაცხადებთ საჯაროდ. ამ გეგმამ განსაკუთრებულად წაგებული არ უნდა დაგვტოვოს, ეს არის ჩვენი ამოცანა. განსაკუთრებულად წაგებულ მდგომარეობაში ჩვენ აღმოვჩნდებით, თუ არ გვექნება საკუთარი იდენტობა. ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა, სხვ გზა ოპოზიციურ ფლანგზე მოკვდა, მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ და ყველა მასთან მყოფი პარტიის განადგურება სურს. ასეთი ბრძოლაა. ფაქტობრივად, პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს. მე პოლიტიკურ ცხოვრებას ვუყურებ რეალურ პრობლემებზე მსჯელობას. ადგილს ვირჩევთ და ამისთვის უნდა დაგველოდოთ. დღეს საბჭო გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, შემდეგ „გირჩის“ შიგნით განვიხილავთ და გამოვიტანთ საჯაროდ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდება „გირჩის“ იდეა მოსაწონი სხვებისთვისაც, იქნება თუ არა ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლოა, სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც მოიწონონ, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, გარკვეული თვალსაზრისით, გეგმით სხვა პოლიტიკური მოთამაშეებიც დაინტერესდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც თვალსაზრისით გამოიწვიოს ინტერესი სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებშიც, თუმცა ეს არ არის აუცილებელი“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.