ვახტანგ მეგრელიშვილი - ბრმად რომ დავუჯერო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არ გამომადგება, ამიტომ, ისე მოვიქცევი, როგორც გადავწყვეტ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ბრმად რომ დავუჯერო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არ გამომადგება, ამიტომ, ისე მოვიქცევი, როგორც გადავწყვეტ

ჩვენ გვესმის, როგორი პოზიცია აქვს ჩვენს მეგობრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელმაც თავისი პოზიცია გამოთქვა სრულიად ნათლად. მგონია, რომ ეს განცხადებაც იმავეს ადასტურებს, რასაც საქართველოში ფასილიტატორი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ის ასამბლეის მოწოდებას, რომ ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები, ვერ გაიზიარებს, რადგან, მეგრელიშვილის თქმით, მას თავისი ამოცანები აქვს და პატივისცემის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ბრმად ვერ დაუჯერებს.

„მე ამ მოწოდებას ვერ გავიზიარებ, რადგან მე მაქვს ჩემი ამოცანები ამ მოლაპარაკებების დროს და შესაბამისად, იმ რაღაცის მიღება მინდა, რაც მსურს. ბრმად რომ დავუჯერო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე მას, ეს არ გამომადგება, ამიტომ, ისე მოვიქცევი, როგორც მე გადავწყვეტ. დიდი მადლობა, რომ მათი პოზიცია მეხმარება ჩემი პოზიციის მიღებაში, მაგრამ ტექნიკურად ის, რომ ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში და ზუსტად „გირჩი“ იყო მთავარი ბოიკოტის რეჟიმის დამცველი პარტია და ჩვენს ხარჯზეა ბოიკოტი ამ ქვეყანაში, ეს მჭირდება, რომ მივიღო პროპორციული არჩევნები, რაც ამ მოლაპარაკების მაგიდაზე შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ 80 პროცენტით დევს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წუხილის გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ხარვეზები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება.

ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.