ვახტანგ მეგრელიშვილი - ბოიკოტზე ისტერიული მდგომარეობა იყო, თუ არ შევუერთებოდი, მოღალატე ხარო, კარგად რომ დავფიქრებულიყავით მე, იაგო და სანდრო, შეიძლება, განსხვავებულად მოვქცეულიყავით
ვახტანგ მეგრელიშვილი - ბოიკოტზე ისტერიული მდგომარეობა იყო, თუ არ შევუერთებოდი, მოღალატე ხარო, კარგად რომ დავფიქრებულიყავით მე, იაგო და სანდრო, შეიძლება, განსხვავებულად მოვქცეულიყავით

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტან მეგრელიშვილის განცხადებით, სხვა ოპოზიციონერებმა არჩევნების შედეგ ბოიკოტის გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ მასთან კონსულტაცია არავის გაუვლიათ. ამის შესახებ მან „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, აღარ ახსოვს, რატომ შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას.

„რაღაც ისტერიული მდგომარეობა იყო, ემოციური, აღარ მახსოვს კარგად. შენ თუ ამას არ უერთდები და დაფიქრდები, მოღალატე ხარო. არ მახსოვს, რატომ შევუერთდი ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება, მაშინ იმ ფორმაში არ ვიყავი, რაშიც დღეს ვარ. მე, იაგო და სანდრო, ბევრად უფრო კარგად დავფიქრდებოდით, იმ დღეს რომ წყნარად ვმსხდარიყავით და გვქონოდა საშუალება. შეიძლება, განსხვავებულად მოვქცეულიყავთ მაშინვე, მაგრამ მაშინ ინფორმაციის ნაკლელობა გვქონდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნებს ბადებს ოპოზიციონერების არგუმენტები, რომელიც 11 ათასს „დაშინებულ ამომრჩეველს“ უკავშირდება.

„ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ჩემი კოლეგების მიმართ ეგ არის, რომ თუ ეს ხალხი, ვინც ხელი მოაწერა, მოღალატეები ჰყავთ, შემდეგ არჩევნებზე იგივე ხალხი იქნება? ამ კითხვაზე არანაირი პასუხი არ არის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებრობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც „ლელოს“ ოფისში შეხვედრებზე მივიდა.

„ოპოზიციას, როცა ასეთ რაღაცაზე მიდიხარ, გეგმა უნდა გქონდეს.  ეს იყო სინამდვილეში ჩვენი შინაარსობრივი კონფლიქტის მიზეზი. გაუგებრობაში მოვხდით, რაც „ლელოს“ ოფისში დავიწყეთ სიარული. განცდა, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის არჩევნებზე, თავიდანვე გვქონდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.