ვახტანგ მეგრელიშვილი - არ მომწონს საკითხის იმგვარად განხილვა, როდესაც ბავშვები არიან ყურადღების ცენტრში და მათი მორალური მდგომარეობა არ აღელვებს უმრავლესობას
ვახტანგ მეგრელიშვილი - არ მომწონს საკითხის იმგვარად განხილვა, როდესაც ბავშვები არიან ყურადღების ცენტრში და მათი მორალური მდგომარეობა არ აღელვებს უმრავლესობას

ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არის გაუმჭვირვალობა და ზოგადად, ამ ბავშვების პრობლემებზე ნაკლები საუბარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემები ისე უნდა აღმოიფხვრას, რომ ბავშვების მორალური მდგომარეობა არ დაზიანდეს.

„როცა რაღაც აფეთქდება ხოლმე ან ასეთი სიტუაციაა, უცბად საზოგადოების ყურადღება კონცენტრირდება პრობლემაზე, შემდეგ გადაივლის და გვავიწყდება ამბავი. ბევრი წელია, სადღაც 2007 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგი პროცესი მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის და ჩვენ დავხურეთ ბავშვთა ასეთი დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადავიყვანეთ ბავშვები მცირე ტიპის საოჯახო დაწესებულებებში ან გაშვილების მეშვეობით დაბრუნდნენ ოჯახებში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დარჩენილია ორი დაწესებულება. მსგავს დაწესებულებებში ყოველთვის არსებობს პრობლემები, უბრალოდ პოლიტიზებულობის ხარისხი და ის დაპირისპირება, რომელიც ახლა არის საზოგადოებაში, ასევე ბევრი სხვა ფარული მიზეზის გამო, ფაქტობრივად ამ ბავშვებს დავატეხეთ ფარული ბრალდებები და გამოვხატეთ ასეთი ყურადღება, რაც ჩემი აზრით, ძალიან ამორალურია და საფრთხილოა.

ძალიან არ მომწონს, როგორც განიხილება ეს თემა საზოგადოებაში, რა დროსაც ბავშვები არიან ყურადღების ცენტრში და მათი მორალური მდგომარეობა არ აღელვებს უმრავლესობას, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ვმუშაობდი ამ სისტემაში 2003-დან 2007 წლამდე, ნამყოფი ვარ ბევრ მსგავს დაწესებულებაში. მინდა გითხრათ, იმ დაწესებულებაში, რომელშიც ნამყოფი ვარ, იყო ძალიან დიდი პრობლემები და ის, რომ საზოგადოების სამსჯავროზე გამოსულიყო, ანალოგიური სკანდალური მოვლენები მოჰყვებოდა. მგონია, რომ ჩვენი ამოცანაა, ზოგადად, განვსაზღვროთ, რა შეიძლება მოვუხერხოთ ინსტიტუციურად, რომ ასეთი პრობლემები აღარ დადგეს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.