ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო 2022 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის დამოკიდებულება პარტიების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მისი პარტიის გარდა ინიციატივას, „თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა“, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია ეწინააღმდეგებოდა.

„ვფიქრობდით, რომ ეს გადასარევი და სწორი გადაწყვეტილებაა, ამის გამო ადრე მთელი ოპოზიცია გაგვიწყრა. ერთია, როდესაც ახალ არჩევნებს ვნიშნავთ იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართულ ოცნებას“ ახალ არჩევნებს როგორც სასჯელს ისე ვუწესებთ – შენ ხარ ქურდი, მოიპარე არჩევნები და ახლა დანიშნე ახალი არჩევნები – ეს არის ერთი მიდგომა. მაგრამ, თუ ასე დადგებოდა საკითხი, რომ ჩავატაროთ კარგი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის, სადაც იქნება ისეთივე პროპორციული განაწილება, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობის პრეფერენციები შეიცვალა და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაშინ 2022 წელს იმის გამო, რომ გვაქვს კრიზისი, დავნიშნოთ არჩევნები და შევაფასოთ.

ჩვენ გარდა ფაქტობრივად ყველა წინააღმდეგი იყო. ეს ჩვენთვის მისაღები და გასაგები წინადადებაა. რადგან ელისაშვილმა თქვა და ცნობილია, რომ ეს წინადადება განხილვადი იყო, საზოგადოებამ განსაზღვროს. სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტი იყო, რომ სხვადასხვა არჩევნებია და რა შუაშიაო. მთელ მსოფლიოში ამის პრაქტიკა არსებობს, რატომაა საქართველოში შეუძლებელი, არ ვიცი“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.