ვახტანგ მეგრელიშვილი - 20 ივნისის მოვლენების ამნისტია ოპოზიციის მხრიდან მიღებული და ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ ჩანდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - 20 ივნისის მოვლენების ამნისტია ოპოზიციის მხრიდან მიღებული და ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ ჩანდა

20 ივნისის მოვლენების ამნისტია ოპოზიციის მხრიდან მიღებული და ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ ჩანდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის პროცესში ეს შეთავაზება არავის მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს საკითხი საერთო წერტილების მოძებნის გზა გამხდარიყო.

„20 ივნისის მოვლენების ამნისტირების შემოთავაზებაზე რეაქცია იყო საინტერესო, თითქოს არავის არ მოეწონა ეს ამბავი, არადა რა მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ თემაზე გვემსჯელა. შეიძლებოდა, ეს საერთო წერტილების მოძებნის გზა გამხდარიყო, თუ სურვილი გვექნებოდა, მაგრამ ყველა თემაზე ორივე მხარე თავის პოზიციებს ამბობდა საკუთარი გადმოსახედიდან და არ შედიოდა მეორე მხარის მდგომარეობაში. ოპოზიციის მხრიდან 20 ივნისის თემა ხომ უნდა ყოფილიყო ხელმჩასაჭიდი და მიღებული, როგორც კარგი წინადადება. ეს არ ჩანდა, ჩემი აზრით, ეს არის პრობლემა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ულტიმატუმებით მოლაპარაკება შეიძლებოდა რაღაც შედეგით დამთავრებულიყო. ბოლოს გამიმართლდა ეს უცნაური წინათგრძნობა.

ფორმატი იყო ასეთი, რომ წინადადებებს ვიღებდით ჩვენი შუამავლებისგან, დანიელსონი იყო ამ წინადადებების წარმომდგენი. ბუნებრივია, ეს წინადადებები იყო ჩვენთან და სამოქალაქო სექტორთან საუბრებიდან მიღებული ინფორმაციის შედეგი. მერე უკვე ჩვენზე იყო დამოკიდებული, ამ წინადადებებზე როგორ ვიმუშავებდით, გვენდომებოდა თუ არა საერთო წერტილების მოძებნა. მომზადებული იყო ნიადაგი, რომ სურვილის შემთხვევაში, შეთანხმებისთვის მიგვეღწია, მაგრამ როდესაც მხარეებს არ ეტყობათ სურვილი, იპოვონ საერთო წერტილები და შევიდნენ ერთმანეთის მდგომარეობაში, ასეთი მოლაპარაკება წარუმატებლობისთვის იქნება განწირული“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე დანიშნულიყო 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ოპოზიცია ამას არ დათანხმდა.

„ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე 2022 წლის რიგგარეშე არჩევნების მიბმაზე, თუ ამაზე სერიოზულად იქნებოდა საუბარი. ფიზიკურად ვერ მივედით აქამდე, ეს ოპოზიციამ უარყო და „ქართულ ოცნებას“ არ დასცალდა, რომ თვითონაც არ დათანხმებოდა ამ წინადადებას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.