ვახტანგ მახარობლიშვილი – ქართული მხარისთვის მინისტერიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ჩვენი ხედვა გავუზიაროთ, როგორ უნდა განვითარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა
მინისტერიალი არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქართული მხარისთვის, რათა გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, პრიორიტეტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ქართული მხარის პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მინისტერიალზე, ისევე როგორც მომავალ სამიტზე, რომელიც დეკემბრის თვეშია დაგეგმილი, ხაზი გაესვას მომავალზე ორიენტიტირებულ გეგმებს და პრიორიტეტებს.
„აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ისეთ ხელშესახებ პროექტებსა და ინიციატივებზე საუბარი, რომელიც საინტერესო იქნება წევრი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რიგითი მოქალაქეებისთვის. ამ კონტექსტში, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, დაკავშირებულობადობის თემები იქნება აქტუალური ჩვენი მხრიდან. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ისეთი პოლიტიკური თემები, როგორიც არის ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვის და ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების აღქმა, აღიარება და დაფიქსირება. ბუნებრივია, ქართული მხარე გაამახვილებს ყურადღებას ევროკავშირთან უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობაზე, ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე ამ კუთხით და ზოგადად საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე. ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფაქტორი უაღრესად მნიშვნელოვანია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამმა სახელმწიფომ ერთობლივი მემორანდუმი გავაფორმეთ, თუ როგორ ვფიქრობთ და ვაპირებთ საერთო ე.წ. ფრონტის გახსნას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, მინისტრი ასოცირებული ტრიოს მნიშვნელობაზეც ისაუბრებს და ხაზი გაესმევა იმ საერთო გეგმებს და მიზნებს, რომელიც ტრიოს გააჩნია“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.