ვახტანგ კაპანაძე - უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების ფორმულირება გაუგებარია
ვახტანგ კაპანაძე - უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების ფორმულირება გაუგებარია

უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების ფორმულირება გაუგებარია, – განაცხადა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„მოდით, ემოციები და წყენა გვერდით გადავდოთ და ჩვეულებრივად, ცივი გონებით გავიაროთ ეს საკითხი. ჯერ ერთი, დაზვერვა ყოველთვის ვარაუდობს და არ ამტკიცებს. იმიტომ, რომ როცა ამტკიცებ, იმდენი მონაცემი უნდა გქონდეს, არაერთი წყაროსგან, რომ ამის საშუალება გქონდეს. შენ შეიძლება, თქვა – ჩვენ ვვარაუდობთ, რომ… და ასე შემდეგ“, – განაცხადა კაპანაძემ.

გენშტაბის ყოფილი უფროსის თქმით, როცა ასეთი რაღაც ხდება, როგორც წესი, შესაბამისი სამსახური მეორე ქვეყნის მსგავს სამსახურს უკავშირდება და ხდება ინფორმაციის შიდა გაცვლა.

„ხდება ინფორმაციის შიდა გაცვლა. იცი, რა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი რაღაცები ხდება და მოდი, არის თუ არა, დამიდასტურე ან არ დამიდასტურო. ასე, გამოხვიდე და ყოველგვარი ფაქტების გარეშე დააჯახო, არც სწორია და არც მართებული. რა დღეში არიან, გასაგებია, მაგრამ იმის მაგივრად, მეგობრები შემოიკრიბო, პირიქით, ცდილობ, მეგობრები დაიშორო? მე ეს არ მესმის“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, რუსეთი თუ მიმღებია, არსებობს მიმწოდებელიც და რომც დავუშვათ, რომ საქართველო გამტარია, საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს უკრაინის დაზვერვა სხვა ქვეყნებზე.

„ჩავთვალოთ, რომ რუსეთს გეგმაში მართლაც აქვს ჩადებული მსგავსი კონტრაბანდისტული ხაზების აწყობა და მაღალტექნოლოგიური საშუალებების შევსება, მაგრამ ამ შემთხვევაში, არის მიმწოდებელი და არის მიმღები. რუსეთი თუ მიმღებია, სადღაც არის მიმწოდებელი, ხომ? ჩავთვალოთ, საქართველო არის გამტარი, კარგი, მაგრამ სხვა ქვეყნებზე რატომ არაფერს იძახი? ეს მიმწოდებელი საქართველოში რომ შემოვა, ხომ უნდა გაიაროს სომხეთი, აზერბაიჯანი ან თურქეთი? თუ ამ მაღალტექნოლოგიურ ნახევარგამტარებს თურქეთი არ აწარმოებს, სომხეთი რომ არ აწარმოებს, ხომ გასაგებია და სომხეთში ვთქვათ, ვის შემოაქვს და მარტო საქართველოს რომ იძახი, რატომ იძახი? ამის უკან ხომ უნდა იყოს რაღაც ჩადებული“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გასაგებია, რომ რუსეთი ამას ვერ გააკეთებს უკრაინაში ან ბალტიისპირეთში და არის ან ამიერკავკასია, ან შუა აზია, ან ჩინეთი, ან თუნდაც, ბელარუსი და საინტერესოა, უკრაინის დაზვერვა ამ ქვეყნებზე რატომ არაფერს ამბობს.

„საქართველო ყველაზე ნაკლებად ახლოა იმ ქვეყნებთან, სადაც შეიძლება, ეს მაღალტექნოლოგიური საშუალებები იყოს წარმოებული. კარგი, შენ შეიძლება, თვლი, რომ საქართველოს სასაზღვრო სისტემა სრულყოფილი არ არის და ეს შენი მოსაზრებაა. თურქეთი ატარებს ამ ყველაფერს და არც თურქეთს არ უვარგა არც სასაზღვრო სისტემა, არც ჟანდარმერია, არც უსაფრთხოება და არაფერი; არც სომხეთს უვარგა, არც აზერბაიჯანს, არავის არ უვარგა და საქართველო არის შუაში, ხომ? მაშინ აქამდე როგორ მოდის და აქედან როგორ გადის? ძალიან ბევრი გაურკვეველი რაღაც არის და ვერ ვხვდები, რატომ დასჭირდათ ამის თქმა. რატომ არ არის საუბარი იმაზე, ეს საშუალებები საქართველოში საიდან ხვდება? თუ ის დაადგინე, რომ რუსეთს საქართველოში დერეფანი აქვს, როგორ კეთდება ეს საქართველოს გავლით და რატომ არ გადის მაგალითად, აზერბაიჯანიდან, შუა აზიის მიმართულებიდან ან ჩინეთიდან“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება ძალიან არასოლიდური იყო და იმედი გამოთქვა, ამას შემდგომი განცხადება მოჰყვება, რომ ჰქონდათ ეჭვები, რომელიც არ დადასტურდა.