ვახტანგ კაპანაძე - უკრაინას აქვს ყველა პირობა, რათა შეძლოს რუსეთის აგრესიის შეჩერება
ვახტანგ კაპანაძე - უკრაინას აქვს ყველა პირობა, რათა შეძლოს რუსეთის აგრესიის შეჩერება

უკრაინას აქვს ყველა პირობა, რათა შეძლოს რუსეთის აგრესიის შეჩერება, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, ამისთვის უკრაინას ცოტა მეტი დრო და რესურსი დასჭირდება, მაგრამ საბჭოთა კავშირი-ფინეთის ომის დროს ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ ომში გაიმარჯვა და იგივე სურათია დღეს უკრაინაშიც.

მისი თქმით, ვითარება მარტივი არ არის, თუმცა უკრაინა ჯერ ახერხებს, საშუალება არ მისცეს რუსებს, რომ ტაქტიკური წარმატებები ოპერატიულ წარმატებებში გადაიყვანონ.

„დაკავებული ტერიტორიების მიუხედავად, შესაძლოა, აღებული სოფლების რაოდენობა დიდ რიცხვად ისმის, მაგრამ ის ისეთი რაიონია, სადაც სოფლები ერთმანეთზეა გადაბმული და აქ დიდ სიღრმეებზე არაა საუბარი. საუბარია რამდენიმე კილომეტრიან წინსვლაზე და ეს წინსვლა ძირითადად, მაინც დიდი მსხვერპლის ფასად ხორციელდება. იმ მსხვერპლის ფასად, რასაც რუსები უკრაინის თავდაცვის გამო იღებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან დისტანციური საცეცხლე ზემოქმედება გაგრძელდება უკრაინის დიდ ქალაქებზე, ცენტრალურ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე, ხიდებზე და რკინიგზის კვანძებზე, რათა უკრაინელებმა აღმოსავლეთ მიმართულებით ძალების მობილიზება არ მოახერხონ, თუმცა რუსებს ახლა მთელი ძალისხმევა აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ მიმართულებაზე აქვთ გადატანილი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისი განცხადება, რომ “ომში მეორე ადგილი არ არსებობს. პუტინისთვის და ზელენსკისთვის, ორივესთვის, პოლიტიკური დასასრული იქნება, თუ რომელიმე იტყვის, რომ ყირიმი დათმეს, ან დონეცკი-ლუგანსკი”, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, სამწუხაროდ, ასეა.

„მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დღე და მოგებული კვირა უკრაინას მნიშვნელოვნად აძლიერებს, როდესაც რუსეთი დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეეცდება, ამ შემთხვევაში უკრაინა იქნება იძულებული, შეტევაზე გადავიდეს. ეს მისგან უფრო მეტ რესურსს, შეიარაღებას და ტექნიკურ საშუალებებს მოითხოვს, ამ ოპერატიული დარტყმისთვის კი უკრაინას დრო და მომზადება დასჭირდება. რუსეთი, თავის მხრივ, უფრო ნაკლები რესურსით შეძლებს და შეეცდება აღნიშნული ტერიტორიების ბლოკირებას და შენარჩუნებას“, – განაცხადა კაპანაძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რა შეიძლება, რუსეთმა საკუთარ წარმატებად წარმოაჩინოს, რადგან ბევრს აქვს მოლოდინი, რომ 9 მაისს პუტინს საკუთარი მოსახლეობისთვის წარმატების დემონსტრირება სჭირდება, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ალბათ, ორ კვირაში გამოჩნდება ის ძირითადი რეპერები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს, რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია რუსეთმა.

„ჩავთვალოთ, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი ამოცანის შესრულება, რომელიც მას დაგეგმილი ჰქონდა და დონბასის დაჯგუფება ვერ მოაქცია ალყაში. მას შეუძლია, თავისი პროპაგანდისტული არხების ანტურაჟის დახმარებით განაცხადოს, რომ ორგანიზებული იქნა დერეფანი ყირიმსა და რუსეთს შორის, ფაქტიურად, ლუგანსკის ოლქის საზღვრებზე არიან გასული, დონეცკის მნიშვნელოვანი ტერიტორია გათავისუფლდა ნაციონალისტებისგან და განხორციელდა დემილიტარიზაცია, ვინაიდან უკრაინელებმა თავიანთი სამხედრო პოტენციალი დაკარგეს. მე ვამბობ იმას, რა შეუძლიათ, რუსებმა თავის შიდა აუდიტორიას მიაწოდონ. სამწუხაროდ, ისინი ნამდვილად შეეცდებიან, რომ 9 მაისამდე რაღაცნაირად მოახერხონ, რომ მარიუპოლი საბოლოოდ, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ. ამას შეიძლება, ის დაუმატონ, რომ განახორციელეს დენაციფიკაცია, რადგან აზოვის დანაყოფს მიაწერენ, რომ ის იყო ყველაზე ნაციონალისტური შეიარაღებული ძალა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ებრძოდა“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.