ვახტანგ კაპანაძე - რუსეთი ხარკოვის აღებას ორ-სამ დღეში ფიქრობდა, დაახლოებით ხუთ-შვიდ დღეში იგეგმებოდა კიევის აღება, თუმცა ვერც ერთს ვერ მიაღწიეს
ვახტანგ კაპანაძე - რუსეთი ხარკოვის აღებას ორ-სამ დღეში ფიქრობდა, დაახლოებით ხუთ-შვიდ დღეში იგეგმებოდა კიევის აღება, თუმცა ვერც ერთს ვერ მიაღწიეს

დღეს, 21-ე საუკუნეში ლავროვის სახით ვუყურებდი თანამედროვე გებელსს, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ფაქტობრივად, იქ ლავროვის მიერ მიტანილი იყო უკრაინის მხრიდან დანებებაზე მოთხოვნები, რომელიც უკრაინის მხრიდან განხილვის საგანი არც შეიძლება, იყოს. იქ შეიძლება, თანდათანობით იყოს ორივე მხარის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე საუბარი და არა კაპიტულაციაზე ხელის მოწერა, რაზეც უკრაინა ნამდვილად არ წავა და არც იმ მდგომარეობაშია, ამ მიმართულებით წავიდეს. ეს იყო რუსეთის გამოხატულება, რომ ჩვენ თანახმა ვართ ამ შეხვედრებზე, მაგრამ ამ ეტაპზე, ის ძირითადი საკაპიტულაციო მიმართვა ძალაში რჩება. მე ასე დავინახე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ 21-ე საუკუნეში ვუყურებდი თანამედროვე გებელსს, პიროვნებას, რომელიც იდგა და პირდაპირ ჟურნალისტების, ეკრანის წინ იტყუებოდა, თეთრზე შავს იძახდა და შავზე თეთრს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამ განცხადებით ვახტანგ კაპანაძე ანტალიაში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, უახლოეს დღეებში დღის წესრიგში დადგეს ახლა უკვე, ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი კედელთან იქნება მიყენებული.

„იმ საომარ მოქმედებებს, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარმოებს, შეუძლია, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენოს მის რეპუტაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, საომარი წარუმატებლობები შეიძლება, იყოს ის წინაპირობა, რომლის შედეგადაც პუტინი შეიძლება, დათანხმდეს მოლაპარაკებებზე დაჯდომას, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან პუტინის მიმართ ზეწოლას, რომ ეს მოლაპარაკებების მაგიდა შედგეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან შეიძლება, საუბარი იყოს ნეიტრალიტეტზე და ყირიმისა და ლუგანსკი-დონეცკის საკითხის გაყინვაზე შემდომში გადაწყვეტის თვალსაზრისით, კრემლის მოთხოვნები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას მიაღწევენ ომში და რა პოზიციიდან დაიწყებენ სასტარტო მოლაპარაკებას.

„ამ მოლაპარაკებებში უკრაინას შეუძლია ნეიტრალიტეტზე საუბარი სხვადასხვა ქვეყნის მიერ უსაფრთხოების გარანტიის მიცემით. ასევე, შეიძლება იყოს საუბარი ყირიმის და ლუგანსკი-დონეცკის საკითხის გაყინვაზე, შეჩერებაზე, შემდომში გადაწყვეტის თვალსაზრისით. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნებს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას მიაღწევენ ამ ომში და რა პოზიციიდან დაიწყებენ სასტარტო მოლაპარაკებას“, – განაცხადა კაპანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ლავროვის განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაცია გეგმის შესაბამისად მიდის და რა ვითარებაა რეალურად უკრაინაში ომის მე-15 დღეს, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აბსოლუტურად სხვა რამ იყო დაგეგმილი – სწრაფი შეტევა, „ბლიც კრიგის“ ტიპის მოქმედებები და უკრაინის იძულება, რამდენიმე დღეში დანებებულიყო, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა.

ჩანაფიქრში იყო, ორ-სამ დღეში ხარკოვი ყოფილიყო აღებული და იქ შეყვანილი უნდა ყოფილიყო მარიონეტული ხელისუფლება. დაახლოებით ხუთ-შვიდ დღეში იგეგმებოდა კიევის აღება და კაპიტულაციაზე ხელის მოწერის იძულება. აი, ეს იყო დაგეგმილი, ეს იყო მათი უახლოესი და შემდგომი ამოცანა, თუმცა მათ ვერც ერთს ვერ მიაღწიეს. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ იქნა აღებული“, – განაცხადა კაპანაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად საკმარის დახმარებას იღებს უკრაინა დასავლეთისგან შეიარაღების მხრივ, კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს დახმარება არც თუ ცოტაა და რაც მთავარია, ის თანდათანობით იზრდება.