ვახტანგ კაპანაძე - მივიჩნევ, რომ სისასტიკე არის რუსული სამხედრო კულტურის შემადგენელი ნაწილი და ამის გარეშე მათ მოქმედება არ შეუძლიათ
ვახტანგ კაპანაძე - მივიჩნევ, რომ სისასტიკე არის რუსული სამხედრო კულტურის შემადგენელი ნაწილი და ამის გარეშე მათ მოქმედება არ შეუძლიათ

მივიჩნევ, რომ სისასტიკე არის რუსული სამხედრო კულტურის შემადგენელი ნაწილი და ამის გარეშე მათ მოქმედება არ შეუძლიათ, – განაცხადა „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„საშინელებაა, მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია და არავის გაუკვირდება, ვინც რუსეთის ბოლო პერიოდის საომარ ისტორიას გადახედავს. ჩეჩნეთი ავიღოთ, ორი ომის განმავლობაში 50 000-დან 100 000-მდე მშვიდობიანი მოსახლეა განადგურებული; ჩვენ გვახსოვს და ვუყურებდით სირიაში მიმდინარე პროცესებს, როგორ ასევე უმოწყალოდ ნადგურდებოდა ქალაქები მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად. მე ვთვლი, რომ სისასტიკე არის რუსული სამხედრო კულტურის შემადგენელი ნაწილი და ამის გარეშე მათ მოქმედება არ შეუძლიათ“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამ განცხადებით ვახტანგ კაპანაძემ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რით აიხსნება ტენდენცია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის და სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, ძალიან ბევრ უმძიმეს დანაშაულზე არსებობს ინფორმაცია და ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, დღეს რამდენად აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას ომის დანაშაულების სათანადოდ გამოძიების ბერკეტები, მექანიზმები და საშუალება, კაპანაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შეძლეს და ჩრდილოეთ მიმართულებიდან რუსეთის დანაყოფებს უკან დაახევინეს, გამოჩნდა ბუჩა, ირპენი და უკრაინელებს შესაძლებლობა მიეცათ, არსებული ვითარება რეალობაში ენახათ და მეორე, ადგილზე ჩაეყვანათ ექსპერტები, რომლებიც ასევე განახორციელებენ ადგილზე ვითარების შესწავლას და ამას შესაბამის იურიდიულ საფუძველს მისცემენ.

„ეჭვი მეპარება, რომ მარიუპოლში ასეთივე წარმატებით შეიძლება, რაღაც განხორციელდეს, თუმცა მივიჩნევ, რომ მარიუპოლში შესაძლოა, ხუთმაგად და ექვსმაგად მძიმე მდგომარეობა იყოს, ვიდრე ბუჩაში, ან ირპენში. ეს ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და დროულად შეძლებენ უკრაინელები რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების გასუფთავებას მათგან, აგრესორებისგან“, – განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რამდენად არის რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი, რაც ომის პირველ დღეებში აქტიურად განიხილებოდა, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ 80-90% რუსეთი ბირთვული იარაღის გამომყენებელი არ არის.

„ეს უფრო არის კუნთების თამაში და შეშინების მცდელობა, ვინაიდან იყო ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბოლო განცხადებები, ასევე იაპონიის განაცხადი კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემას უქმნის რუსეთს და შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რაღაც შემაკავებელი განცხადებების დონეზე მაინც განახორციელოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთის განცხადება, რომ არავის არ დაეკითხებოდა და ბირთვული დარტყმის შემთხვევაში თავად გამოიყენებდა თავის შესაძლებლობას პასუხის გასაცემად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო“, – განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ომის შემდეგ მსოფლიო აბსოლუტურად სხვა იქნება და აბსოლუტურად სხვა იქნება ნატო-ს პოზიციები.

„გარკვეული საკითხების მიმართ ნატო-ს მიდგომა სხვა იმპულსს მიიღებს და აი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ამ ახალი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.