ვახტანგ კაპანაძე - ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, არის დემორალიზებული, შეშინებული, სტიქიური და ველური ინსტინქტების გამოვლენა, ამოხეთქილი ბოროტება
ვახტანგ კაპანაძე - ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, არის დემორალიზებული, შეშინებული, სტიქიური და ველური ინსტინქტების გამოვლენა, ამოხეთქილი ბოროტება

ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, არის დემორალიზებული, შეშინებული, არადისციპლინირებული, სტიქიური და ველური ინსტინქტების გამოვლენა, ამოხეთქილი ბოროტება, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აქ მე ვერ ვნახე მაგალითად, გერმანელი ფაშისტების მეთოდურობა და სისტემურობა მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში, რომლებიც ამას რაღაც იდეით, მოსაზრებით და მიზნით ახორციელებდნენ; ვერც ლენინისა და დერჟინსკისდროინდელი ტოტალური ტერორი ვნახე, რომ დაეშინებინათ მოსახლეობა. ის, რაც მე ვნახე, უფრო არის დემორალიზებული, შეშინებული, არადისციპლინირებული, სტიქიური და ველური, ამოხეთქილი ბოროტება, როდესაც ხარ დაძაბული, შეშინებული და ყველაფერი მოძრავის გეშინია. არის სამხედროების გამოთქმა, ფრანგის ნათქვამი – ლაჩრობა არის სისასტიკის დედაო. ეს არის ასეთი დემორალიზებული პირების ჩადენილი მასობრივი დანაშაული, თან, როდესაც ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა ან ამას ყურადღებას არ აქცევდა. ეს არ ჰგავდა რაღაც განზრახვით საგანგებოდ გაკეთებულს. იმიტომ, რომ საგანგებოდ გაკეთებული ცოტა სხვანაირად დაიმალებოდა და ასე სტიქიურად არ იქნებოდა“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბუჩაში წარმატებული მხარე შევიდა და მომხდარი წარმატებულმა მხარემ ნახა, თორემ მარიუპოლში ალბათ, უარესი მდგომარეობაა.

„უკვე აჩვენებენ, რომ მარიუპოლში თვითონ რუსებს გააქვთ მიცვალებულები, სადღაც მალავენ ან მარხავენ და აშორებენ იქაურობას“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, დღეს რომანტიული ბრძოლების პერიოდი აღარ არის და თანამედროვე ომი ძალიან მძიმე და სისხლიანია, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი დანაკარგით ხასიათდება.

„რომანტიული ბრძოლების პერიოდი აღარ არის, ბრიტანელები და ფრანგები რომ მე-18 საუკუნეში ერთმანეთს ბრძოლის ველზე შეხვდნენ, ერთმანეთს ას მეტრზე მიუახლოვდნენ და ფრანგებმა უთხრეს, გთხოვთ, პირველებმა თქვენ გვესროლეთო, ბრიტანელებმა კი უთხრეს, მხოლოდ თქვენ შემდეგო. ეს პერიოდი დამთავრდა. თანამედროვე ომი ძალიან სისხლიანია, მძიმე და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი დანაკარგით ხასიათდება, მით უმეტეს, ურბანულ რაიონებში. თქვენ გახსოვთ, ჩეჩნეთის პირველ ომში 100 000-მდე სამოქალაქო პირია დაღუპული. მაშინ, როდესაც სადღაც, 7 000 ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა. მეორე ომი უფრო მოკლევადიანი იყო და იქ ნაკლები მსხვერპლი იყო, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით მოსახლეობა დაიღუპა“, – განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, არსებობს ომის კანონები და ყველაზე მთავარი, რაც დაცულ კატეგორიაში შედის და ვისზეც ზემოქმედების განხორციელება არ შეიძლება, არის მოწინააღმდეგის დაჭრილები და ავადმყოფები, სამხედრო ტყვეები, სამედიცინო პერსონალი და სასულიერო პირები, ჩაძირული ხომალდის ეკიპაჟი და მშვიდობიანი მოსახლეობა.