ვახტანგ კალოიანი - სააკაშვილის განცხადება ხელს არ უწყობს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ვახტანგ კალოიანი - სააკაშვილის განცხადება ხელს არ უწყობს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან უკრაინის ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.

კალოიანის შეფასებით, აღნიშნული განცხადება უკრაინელი პოლიტიკოსის შეფასებად უნდა ჩაითვალოს.

„ბატონი სააკაშვილი გახლავთ უკრაინელი პოლიტიკოსი, მისი ძირითადი ასპარეზი არის უკრაინა. მისი ეს განცხადება, უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადება უკრაინის ელჩთან დაკავშირებით ჩავთვალოთ, რომ არის უკრაინის საშინაო საქმე, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მსგავსი განცხადება ხელს არ უწყობს საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალოიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით უნდა მოეწყოს.

„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.