ვახტანგ კალოიანი - „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს
მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რადგან არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები, – ამის შესახებ ბათუმში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კალოიანის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება „ქართული ოცნების“ მიერ ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა. საერთაშორისო პარტნიორები „ეუთო/ოდირის“ მისია წინა არჩევნებზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სახავდა ზღვარის წაშლას სახელმწიფო ორგანოებსა და მმართველ პარტიას შორის. სამწუხაროდ, „ოცნება“ დღესაც აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას, ეს არის ამის ნათელი დასაბუთება, სადაც მუნიციპალური საწარმოს ტრანსპორტი, აღჭურვილობა, სკამები, პერსონალი ჩართული არის საარჩევნო კამპანიაში, გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, სამწუხაროდ ამის ფაქტები უკვე ძალიან ბევრია, „ევროპული საქართველო“ მიადევნებს თვალყურს და არც ერთ მსგავს ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
გვაქვს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რითაც გავაკონტროლებთ ამ საკითხს, ასევე მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები. ყველაფრის მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს და ეცდება, ჩვენ გავიმარჯვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოში მოვა კოალიციური ადგილობრივი თვითმმართველობის დრო, მიუხედავად ხელისუფლების ყველანაირი მცდელობისა, რომ ეს არ მოხდეს“, – აღნიშნულია ვახტანგ კალოიანის განცხადებაში, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.