ვახტანგ კალოიანი - ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს და 2022 წლის პირველ ნახევარში პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი აცრები არ გვექნება
ვახტანგ კალოიანი - ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს და 2022 წლის პირველ ნახევარში პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი აცრები არ გვექნება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ხარისხიანი, უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება და ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევ დიდი პრობლემაა.

„მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში დახარჯა, წლიდან წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კვლავ დეფიციტურია. იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის აღმოფხვრაზე ეზრუნა, მოგვაწოდა გარკვეული კონცეფცია, ოღონდ ტელევიზიით და სამწუხაროდ, არანაირი წერილობითი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ იძებნება. ამ სატელევიზიო სიუჟეტით ჩანს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ისედაც მწირი თანხების კიდევ უფრო უყაირათო და კორუფციის ძალიან მაღალი რისკებით ხარჯვას აპირებს. ის აპირებს საავადმყოფოებში ჰოსპიტალური საწოლების გაზრდას მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდა, რომ საწოლები ისედაც ჭარბია და მისი პოლიტიკა შემცირებისკენ იყო მიმართული. გამოსავლად მიგვაჩნია პაციენტის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით მისი თანმიმდევრული უზრუნველყოფა, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირებისა და აკრედიტაციის გზით. ასევე, ბიუჯეტის ოპტიმალური დაგეგმვა, რათა ის პროგნოზირებადი იყოს და ის მწირი რესურსები, რაც გვაქვს ოპტიმალურად იყოს გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი, რათა სამედიცინო სექტორმა მისი დაგეგმვა რამდენიმე წლის წინ შეძლოს“, – განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, ვახტანგ კალოიანის თქმით, 2021 წელს და 2022 წლის პირველ ნახევარში პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი აცრები არ გვექნება.

„ჩვენ ეს წელი ვაქცინისა და პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე გვექნება, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკას. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენი აზრით, დრო უკვე დაკარგულია და მთლიანად უნდა ვიყოთ დამოკიდებული „კოვაქს“ პლატფორმაზე. ერთადერთი პერსპექტივაა, თუკი ივნისში მწარმოებლებმა რადიკალურად მოახერხეს ვაქცინების წარმოების რაოდენობის ზრდა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შეგვხვდეს. ჩვენი პროგნოზით, 2021 და სამწუხაროდ, 2022 წლის პირველ ნახევარშიც ჩვენ პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი აცრები არ გვექნება“, – განაცხადა კალოიანმა.