ვახტანგ გომელაურმა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 ნოემბერს ცესკო-სთან აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ვახტანგ გომელაურმა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 ნოემბერს ცესკო-სთან აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ცნობით, უცხოელ დიპლომატებს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულად მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე“, – აცხადებენ შსს-ში.