ვახტანგ გომელაური - ყველაფერს ვაკეთებთ ნანგრევებიდან ადამიანთა უსაფრთხოდ გამოსაყვანად, ასეულობით მაშველია სამაშველო ღონისძიებაში ჩართული
ვახტანგ გომელაური - ყველაფერს ვაკეთებთ ნანგრევებიდან ადამიანთა უსაფრთხოდ გამოსაყვანად, ასეულობით მაშველია სამაშველო ღონისძიებაში ჩართული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს პირადად გაეცნო.

ვახტანგ გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც განაცხადა, რომ პოლიცია, მაშველები და მუნიციპალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ადამიანები ნანგრევებიდან უსაფრთხოდ ამოიყვანონ.

„რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან.

სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული.

მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის – ამ შემთხვევაში, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს.

ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ცოცხალი ვინც არის, ნანგრევებიდან ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.