ვახტანგ გომელაური - ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, არ შეიძლება, პოლიციელს ფიზიკურად დაუპირისპირდე, თავში ჯოხი ჩაარტყა, ქვა ესროლო და შემდეგ თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხესო
ვახტანგ გომელაური - ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, არ შეიძლება, პოლიციელს ფიზიკურად დაუპირისპირდე, თავში ჯოხი ჩაარტყა, ქვა ესროლო და შემდეგ თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხესო

ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, არ შეიძლება, პოლიციელს ფიზიკურად დაუპირისპირდე, თავში ჩაარტყა ჯოხი, ესროლო ქვა, თავი გაუტეხო და შემდეგ თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხესო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქის დამცველია.

„უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფის. მათ შორის, თუნდაც ჩამოსული სტუმრების, ტურისტების და ასე შემდეგ. აეროპორტთან არანაირი პრობლემა არ იყო, მდგარიყვნენ. ადგილი გამოვუყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, დავეხმარეთ, დადექით და გამოხატეთ პროტესტი, იყვირეთ. შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს. პოლიციელებს საღებავები მიასხეს. მგონი, არასწორია, პოლიციას რომ აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ექვსი ადამიანი დავაკავეთ, სასამართლოში გადავიყვანეთ და არ ვიცი, ან გაუშვებენ, ან დააჯარიმებენ. ოთხი რეისი ჩამოფრინდა, დაახლოებით 600 კაცამდე ევროპიდან, დოჰადან, აღმოსავლეთიდან. ეს ადამიანები რომ შესულიყვნენ შიგნით და იქ მოეწყოთ რაღაცები, მიესხათ საღებავები? ისინი იქ მშვიდობიანად რომ მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით. არავინ არავის დააკავებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას. მაინც რაღაც ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, ექვსი ადამიანი დაგვეკავებინა. მანამდე ვეხმარებოდით გადაადგილებაშიც, ავტოსადგომიც მოვუნახეთ, ადგილი გამოვუყავით აეროპორტთან ახლოს, საიდანაც დაინახავდნენ გამომსვლელებს. თუმცა, მაინც აგრესია გამოხატეს.

მინდა, ორი სიტყვით ვთქვა, ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, ყოველთვის. ასე არ შეიძლება. არ შეიძლება, აგინო პოლიციელს, ფიზიკურად დაუპირისპირდე, თავში ჩაარტყა ჯოხი, ესროლო ქვა, თავი გაუტეხო და მერე თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხეს, არ უნდა გამოეყენებინათ, იმიტომ, რომ, ვთქვათ, 10 ადამიანი, ვინც ისროდა ქვებს, იმის გვერდით თუ აღმოჩნდა ნამდვილად პატიოსანი და შეიძლება იყო კიდეც ასეც, არ გამოვრიცხავ, მასაც მიესხა წყალი, მაგრამ 10 ადამიანი რომ გესვრის, რა უნდა გააკეთო?! ერთი ადამიანი პატიოსნად დგას და მოდი, იმის გულისთვის ბიჭებს თავები დაუტეხონ, რა ვიცი, დაწვან ცოცხლად?! როგორ უნდა ვიმოქმედოთ? ჩვენ აუცილებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.