ვახტანგ გომელაური - უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხისა და დავით გარეჯის ტერიტორიებზე
ვახტანგ გომელაური - უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხისა და დავით გარეჯის ტერიტორიებზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოთხი სასაზღვრო სექტორი: დედოფლისწყაროში – სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში – სექტორი „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში სექტორები – „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და ექვსი სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა.

„სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები – „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს – როგორც სასაზღვრო, ასევე სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„სასაზღვრო პოლიციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატო-ს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს“, – აღნიშნა შს მინისტრმა.