ვახტანგ გომელაური - ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური თავდასხმა მოხდებოდა, ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა
ვახტანგ გომელაური - ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური თავდასხმა მოხდებოდა, ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა

ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორცილებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები კიდევ ერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

„ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. 27 წელია, ვმუშაობ ძალოვან უწყებებში და ცხრა წელია, უკვე თანამდებობაზე ვარ. ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, არ მახსოვს. ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, სახელმწიფოზე ძალადობა, ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეო, ჩანაწერები და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორებს, რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად. მე გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც თქვეს ჩემზე, თითქოს მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, პოლიციელები ყველგან იყვნენ გადანაწილებული და მათი მხრიდან გაკეთდა მაქსიმალური.

„პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა, მაქსიმალური გააკეთეს. 3 200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო ხუთი ობიექტი, მერე გახდა რვა, მერე – 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებული იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი არ ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“- ვრცელდებოდა ინფორმაცია. ანუ, ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული. სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმული. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებული, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში. სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს, ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა ის, რომ ხუთ კაცს გაეკიდონ „რობოკოპებში“ ჩაცმული პოლიციელები. მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მოქალაქეებზე ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე. საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი, იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ. ველოდით 18:00 საათზე ამ ადამიანების შეკრებას. ზუსტი დრო, სამწუხაროდ არ გვითხრეს და ზუსტი ადგილი, სად უნდა შეკრებილიყვნენ. თქვეს ფილარმონიასთან, მობილიზებული იყო იქ მოწინააღმდეგეთა ძალები და შესაბამისად, იქ იყო საპოლიციო ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგას ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია. იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, ამას ვერ წარმოვიდგენდით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.