ვახტანგ გომელაური უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სტუმრობს
ვახტანგ გომელაური უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის ეროვნულ პოლიციას ესტუმრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო საპოლიციო დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე ეწვია უნგრეთის კონტრტერორისტულ ცენტრს და დეტალურად გაეცნო ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური უნგრელ კოლეგას, შანდორ პინტერს უკვე შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს შანდორ პინტერმა უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდება.