ვახტანგ გომელაური - უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა
ვახტანგ გომელაური - უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

„განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო
საშუალებები. ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.