ვახტანგ გომელაური - ტერორიზმში ბრალდებულებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს
ვახტანგ გომელაური - ტერორიზმში ბრალდებულებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს

ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლში ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შემოვიდნენ ბრალდებულები საქართველოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ვერსიები და მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა.

„კანონი უფლებას არ მაძლევს, ყველაფერზე ღიად ვისაუბრო, თუმცა ნდობის ჯგუფს მივაწოდეთ ის დადასტურებული ინფორმაცია, რაც 22 ნოემბრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაგვაჩნდა. ერთი არის ის, რომ დავადგინეთ იარაღი საიდან აქვთ მოძიებული, საიდან მიიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლში. ეს იარაღი ტყეში ნაპოვნი ერთ-ერთი სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზას, რათა ზუსტად დადგინდეს – მიწა, რაც სამალავის ადგილზე აღმოვაჩინეთ, თუ დაემთხვევა იარაღებზე არსებულს. რაც შეეხება იმას, თუ საიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში, გვაქვს ვერსიები, თუმცა მტკიცებულებები არ გვაქვს. ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, დავადგენთ. ჩვენი ვერსიით, ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოვიდნენ. ჩვენ გვეხმარება FBI და იმედი გვაქვს, ყველაფერი დადგინდება. ვფიქრობ, სწორად ჩატარდა სპეცოპერაცია, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ადამიანი დაგვეღუპა. ლიკვიდირებულებიდან ვიცით ერთ-ერთის ვინაობა, დანარჩენზე ვმუშაობთ. ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან დანარჩენი პირების ვინაობის დადგენაში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.