ვახტანგ გომელაური საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
ვახტანგ გომელაური საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) საქმიანობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით ICRC-ის პროგრამებსა და სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახების თანადგომის საკითხებში საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინატორი ლინა მილნერი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების,  სასწრაფო და გეგმური სამედიცინო ევაკუაციისა და ოჯახური კავშირების აღდგენა/შენარჩუნების მიმართულებით თანამშრომლობს.