ვახტანგ გომელაური - საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში
ვახტანგ გომელაური - საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლებს უწყების ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. მადლობა მინდა, გითხრათ ჩვენი ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მიმდინარე წელსაც განსახილველად წარმოდგენილი იქნება არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მინდა გამოვყო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას გახსოვთ, თუნდაც ბოლო ფაქტი, სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ტრაგედია, რომელიც პნევმატური იარაღის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია. შესაბამისად გამკაცრდება პნევმატური იარაღის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები“,- განაცხადა გომელაურმა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.

„მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იარაღის კატეგორიებად დაყოფა მოხდება არა იარაღის დანიშნულების და მიზნის მიხედვით, არამედ იარაღის სახე დადგინდება მისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. კერძოდ, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის პარამეტრი – ლულის სიგრძე. გარდა ამისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გახდება ვადიანი. ამასთანავე, პირს მიენიჭება გარკვეული პერიოდულობით მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის უფლება სასროლეთში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება იარაღის ბრუნვის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები. მათ შორის, განისაზღვრება სანქციის ახალი სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. იარაღის უკანონო ბრუნვის პრევენციის მიზნით, პოლიციას მიენიჭება უფლება, პირს მოსთხოვოს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციაში წარმოდგენა. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში დაამტკიცა ხმოვანი-აკუსტიკური იარაღის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი იარაღის ტარება და დასახლებულ პუნქტში მისი გამოყენება. დადგენილი წესების დარღვევისთვის დაწესდა საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული საქნციები, მათ შორის შესაძლებელი გახდა იარაღის კონფისკაცია. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხმოვანი -აკუსტიკური იარაღის უნებართვო გამოყენების მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა. დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მათ შორის, სანქციები გამკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე, სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებაზე, ასევე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული-მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.