ვახტანგ გომელაური - რთულია რეაგირება გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით, როცა ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს
ვახტანგ გომელაური - რთულია რეაგირება გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით, როცა ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რთულია რეაგირება თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიების კუთხით, როცა ვერ ხერხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

„ნამდვილად საზარელი ფაქტი იყო, რაც მოხდა სოფელ კირბალში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, დიდი ხანია, რაც ვიკავებ მინისტრის თანამდებობას, ასევე უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, არაერთი შემთხვევა იყო. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რამე რეაგირება მოვახდინოთ გამოძიების კუთხით, როცა ვერ გადავდივართ და ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. ჩვენ რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ვთქვათ, გაძლიერება ამა თუ იმ სექტორის, ადგილის, სამმხრივად ხდება შეთანხმება. ჩვენ არ გვაქვს თვითნებურად საგუშაგოს გახსნის, გაუქმების ან გადატანის შესაძლებლობა, თუნდაც 10 მეტრითაც რომ გადავაადგილოთ საგუშაგო, უნდა შეთანხმდეს ევროკავშირთან, სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან. აქედან გამომდინარე, რთულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრული დავნერგოთ და უფრო სიღრმეში ვიმუშაოთ, რათა არ მოხდეს იგივე შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, არა მარტო ამ მიმართულებით. მთლიანად გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია, 391 კილომეტრია, წარმოგვიდგენია ფიზიკურად ყველას გაკონტროლება? თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100-პროცენტიან კონტროლს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

მისივე განმარტებით, დიდი ქვეყნებიც კი, როგორიც აშშ-ია, ვერ აკონტროლებს საზღვარს ასი პროცენტით.

„მექსიკის საზღვარზე პრობლემები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ. ასევე, იმ სოფელში, სადაც მოკლეს ჩვენი მოქალაქე, დამატებული იყო ისედაც მოძრავი პატრული, თუმცა, სამწუხაროდ, ხდება ჩვენი მოქალაქეების გადასვლა საოკუპაციო ხაზზე, იქით მხარეს და ხდება ხშირად დაკავება, ღმერთმა დაგვიფაროს, ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის მკვლელობით მთავრდება, თუმცა ხშირი შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს გაკონტროლება, სადაც უფრო მოწყვლადი სოფლებია, სადაც ძალიან ახლოს არის მოსახლეობა, თუმცა ასეთი ბევრია. რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ და ეს დამთავრდება, აღარ მოხდება არასდროს – ამას ვერც მე გეტყვით და ვერცერთი მინისტრი, ვინც ჩემს შემდეგ იქნება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.