ვახტანგ გომელაური - როგორც ჩანს, ოპოზიცია ორადაა გაყოფილი, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ რუსეთთან საზღვარი და აღარ შემოვუშვათ ადამიანები, ზოგი ამბობს, შემოვუშვათო, იქნებ, ჩამოყალიბდნენ
ვახტანგ გომელაური - როგორც ჩანს, ოპოზიცია ორადაა გაყოფილი, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ რუსეთთან საზღვარი და აღარ შემოვუშვათ ადამიანები, ზოგი ამბობს, შემოვუშვათო, იქნებ, ჩამოყალიბდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციაში, როგორც ჩანს, აზრი ორადაა გაყოფილი.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, შემოუშვან თუ არა ქვეყანაში რუსეთიდან წამოსული ადამიანები.

„ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, როგორც ჩანს, ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, თუმცა მსოფლიოში, ევროპაშიც სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს – შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, შემოვუშვათ, თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორი და ტყუილია.

„მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა იყო ხუთი ათასიდან, ექვსი ათასამდე. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, მოიმატა დაახლოებით 40-45 პროცენტით და არა 250 ათასით. გუშინდელი ღამის შემდეგ, 10 ათასზე ნაკლები იყო, ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60 პროცენტი, შემომსვლელებთან შედარებით. რომ ვთქვათ, დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ეს ასე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად, იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას“, – აღნიშნა გომელაურმა.