ვახტანგ გომელაური - ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება
ვახტანგ გომელაური - ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება

ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

„2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და ის კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.