ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძეც ესწრებოდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

„შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს პოლიციის ატაშეების როლი ორ სახელმწიფოს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ესპანეთს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული შეთანხმების მნიშვნელობას, ერთობლივი ანალიზის ჯგუფების საქმიანობას და ევროპოლის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ესპანურმა მხარემ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ნარკოდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება და სხვ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.