ვახტანგ გომელაური -  მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა
ვახტანგ გომელაური -  მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იგეგმება როგორც პოლიციის შენობების განახლება და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა.

„გაგრძელდება ავტოპარკის განახლება როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე კრიმინალური პოლიციის რეგიონალური დანაყოფებში. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ესეც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. გაგრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი იზოლატორების მშენებლობა, მოძველებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების ჩანაცვლება. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი 30 იზოლატორიდან 23 იზოლატორში ფუნქციონირებს. სამომავლოდ დარჩენილ შვიდ იზოლატორშიც გაიხსნება შესაბამისი სამედიცინო პუნქტი. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდება მიგრანტებისთვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცის რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება ახალი სასაზღვრო სექტორი ახალციხეში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.