ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის განვითარებაში
ჩვენს საქმიანობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებთან კოორდინაციის პარალელურად, სუს-ი აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
სუს-ის ხელმძღვანელმა აშშ-ის უწყებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„აღსანიშნავია ევროპის და ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, გასული წლის განმავლობაში გაფორმდა ოთხი საერთაშორისო შეთანხმება, მათ შორის „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სისტემატურად მიმდინარეობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლა და მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სემინარებზე სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.