ვახტანგ გომელაური – მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის

11:27, 31.05.2023

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში პოლიციელების შრომის ანაზღაურება, ჯამში, 30 პროცენტით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი