ვახტანგ გომელაური - მგონი, 20 ივნისს ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წლები აერიათ
ვახტანგ გომელაური - მგონი, 20 ივნისს ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წლები აერიათ

ვიცოდით, რომ საქართველოში ჩამოდიოდა სერგეი გავრილოვი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რომ თავმჯდომარის სავარძლიდან უნდა წაეყვანა სხდომა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და 20 ივნისთან დაკავშირებით ჰკითხეს.

მისი თქმით, რა პროცესები განვითარდა შემდეგ და იყო თუ არა ეს პროვოკაცია, ვიდეოკამერებში კარგად ჩანს.

გომელაური ამბობს, რომ 20 ივნისს ზოგიერთს 2003 და 2019 წელი ერთმანეთში აერია.

გავრილოვის თემაზე იკითხეთ – იცოდით თუ არ იცოდით და რა ინფორმაცია მიაწოდეთო. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი მთლიანი დელეგაციით, ყველა პიროვნება; ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა, რომ აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ რა უნდა მომზადებულიყო და ის, რომ თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო და იქედან წაეყვანა სხდომა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით ჩვენ და მგონი, არავინ იცოდა. უცებ მოხდა, სპონტანურად. მაგრამ მას შემდეგ, რაც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო თუ არა, პროვოკაცია და სახელმწიფო გადატრიალება, მას შემდეგ მოხდა უკვე ყველაფერი გარეთ, რასაც მოუწოდებდნენ, სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერები – აბა, შევვარდეთ, ეს ჩანს კამერებში. არა მარტო ოპერატიული კამერები იღებდნენ, არამედ ტელევიზიებიც იღებდნენ ჩვეულებრივ, როგორ მოუწოდებდნენ – აბა, მიდი, აბა, შევვარდეთ. მგონი, ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი“, – განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იმ დღეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვა სახელმწიფო.