ვახტანგ გომელაური - იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება
ვახტანგ გომელაური - იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება

იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მოქალაქე, თუ პოლიციელი, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი. მის გარეშე, ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. არის ძალიან დიდი პრობლემა, ცალ-ცალკე რომ ყველა თავისთვის წავიდეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის თემაზე, ხაზს ვუსვამ, თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა.

20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა საერთოდ მხედველობა დაკარგა და მეორეს მხედველობის რაღაც პროცენტები დარჩა. ძალიან ცუდია, რომ მოქალაქეები დაშავდნენ. ძნელი იყო კონტროლირება. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე ადვილია თქმა, ეს ასე რატომ ქნეს, ისე რატომ არ ქნეს. ძალიან რთული იყო. 26-ე წელია, ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაჰყავს და უკაცრავად და ფეხით თელავენ, აგლიჯავენ ჩაფხუტებსა და ფორმას, ცემენ – შეიძლება გადაცდომები იყო და იყო კიდევაც. პროკურატურა და სასამართლო არსებობს. პასუხი უნდა აგოს აუცილებლად ყველამ.

​ის, რომ მარტო მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ შეიძლება, მივუდგეთ. ის ადამიანები იქ იდგნენ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, რიგითიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა. ხაზს ვუსვამ, ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი, შეცდომები იყო, გადაცდომები იყო. აქედან გამომდინარე, დაკავებულებიც არიან, მიუსაჯეს, გაასამართლეს პოლიციელებიც და თუ კიდევ იქნება გადაცდომები, მომხრე ვიქნები, რომ დარღვევის შემთხვევაში დაისაჯოს ყველა, მოქალაქე იქნება, თუ პოლიციელი. ოღონდ არა ისე, რომ ყოველთვის მარტო პოლიციელია მტყუანი და მოქალაქეა მართალი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.