ვახტანგ გომელაური - „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია
ვახტანგ გომელაური - „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მინსკში ყოფნისას „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია.

გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „გქონდათ თუ არა „ფეესბეს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მინსკსა და ვლადიკავკაზში? გქონდათ თუ არა კომუნიკაცია რუსულ სპეცსამსახურებთან 2017 წელს“.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ ხუთი-ექვსჯერ. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდით, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, ოფიცალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. ასეთი რამ არ მომხდარა. 100 წლისთავი იყო, როცა იქ ჩამოსული იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც და მიულოცეს. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი მეორე პირი. პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია.

ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო და მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე აზერბაიჯანშიც იყვნენ ჩამოსული, მიულოცეს. იქ იყვნენ ამერიკის, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ, ბორტნიკოვიც და დაზვერვის უფროსიც იყო. პირისპირ არ შევხვედრივართ, ეს არასდროს მომხდარა. ვთქვათ, შევხვდი, რა პრობლემაა ამაში, ჩემ გამო არ უნდა ჩასულიყო, თუ მე არ უნდა ჩავსულიყავი აზერბაიჯანში. მეც ვიყავი, ამერიკელებიც, ბრიტანელებიც და გერმანელებიც“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, მინსკში ბელარუსის სპეცსამსახურების იუბილეზე მასთან ერთად იმყოფებოდა სოსო გოგაშვილიც.

„სოსო მუშაობდა მაშინ და სოსოც ჩემთან ერთად ბრძანდებოდა. კიდევ ვიმეორებ, იუბილეზე იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირველი ან მეორე პირები, ულოცავდნენ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს, ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენ. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ მისალოცად“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებთან არავითარი კავშირი არ აქვთ. „არანაირი კავშირი არ გვაქვს“, – აღნიშნა გომელაურმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. გომელაურის განცხადებით, საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, მივა და კითხვებს პასუხებს გასცემს.

„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ, თუმცა მათ ვუსვამ კითხვას, თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ, იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის. ეს ძალიან კარგად იციან ჩემმა წინამორბედებმაც, ძველმა მთავრობის ხელმძღვანელებმაც. ვთქვათ, შევხვდი, რომელი მუხლი დავარღვიე, რას იკვლევენ? არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთქვათ, შევხვდი, დანაშაულია?“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვახტანგ გომელაური მცხეთის რაიონში ფლობს რესტორანს და რუსეთის წარმომადგენლებს მასპინძლობდა, მინისტრმა უპასუხა, რომ არც რესტორანს ფლობს და არც შეხვედრა ჰქონია.

„რესტორანი არასოდეს მქონია და არც ახლა მაქვს. არც რესტორანს ვფლობ და არც შეხვედრა მქონია. რაც მოყვა ბატონმა გოგაშვილმა, ძალიან სამწუხაროა, რასაც აკეთებს და რასაც იგონებს, თურმე გოგაშვილი თავის მძღოლთან ერთად ჩავიდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დონის პიროვნება ჩამოიყვანა, საგურამოში, მცხეთაში თუ ავჭალაში ვიქეიფეთ, ცხვარი დავკალით, მწვადები შევწვით – რაღაც აბსურდია“, – აღნიშნა გომელაურმა.