ვახტანგ გომელაური - დუისში სპეცოპერაციის დროს ჩემი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში სპეცოპერაციის დროს ჩემი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებას გამოეხმაურა, რომ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.
გომელაურის თქმით, უბედური შემთხვევა მოხდა და მაჩალიკაშვილის მშობლების ესმის, მათ მწუხარებას იზიარებს.
„მათი მესმის, რადგან რთულია, როცა შვილი იღუპება, მაგრამ ჩემი მოადგილე, სოსო გოგაშვილი იქ არ იმყოფებოდა და ამაზე შემიძლია მტკიცებულებებით ვისაუბრო. იქ არამხოლოდ სოსო გოგაშვილი, არამედ ჩემი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა. ასეთ ღონისძიებას სპეცდანიშნულების რაზმი ატარებს. როცა სხვა გზა აღარ არის და ღონისძიება იწყება, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ მინისტრისგან ღონისძიების დაწყების ნებართვას იღებენ. შემდეგ თემა იქ მთავრდება და არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ წყვეტენ, სპეცდანიშნულების რაზმმა რა უნდა გააკეთოს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დუისში სპეცოპერაციის დროს არც ერთი ჩემი მოადგილე არ იმყოფებოდა“, – აღნიშნავს გომელაური.
კითხვაზე – ხდება თუ არა მაჩალიკაშვილის მამის თაობაზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, გომელაური პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ რაიმე დანაშაულებრივი მიმართულება და კანონდარღვევა გამოვლინდება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაიკითხება.
„საუბარია იმაზე, თითქოს, სპეცსამსახურები მიზანმიმართულად მუშაობენ, როგორმე რაღაც „გამოუჩხრიკონ“, ვუპოვოთ და დავადანაშაულოთ, რაც აბსურდია“, – აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ვახტანგ გომელაურმა ყურადღება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც გაამახვილა.
„ამ თემაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურასთან ყველაფერი დევს – როგორ შემოვიდნენ, ვინ ეხმარებოდათ, საიდან გადმოვიდნენ, სად გაჩერდნენ, სახლამდე ვინ ჩამოიყვანა, საიდან იქნა ამოღებული იარაღი, როდინდელი იყო და სამარხში ჩამარხული როდის იყო. ეს ყველაფერი გამოძიებაში დევს. ეს დაფარული, გაურკვეველი და დამალული თემა არ არის. ყველა გარკვეულია, ვინც ეხმარებოდათ და ჩვენებებს იძლევიან, ვინც წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან“, – განაცხადა გომელაურმა.