ვახტანგ გომელაური - ჩვენთვის პრიორიტეტულია საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას
ვახტანგ გომელაური - ჩვენთვის პრიორიტეტულია საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას

ჩვენთვის პრიორიტეტულია საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

გომელაურის განცხადებით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა.

რაც შეეხება საგამოძიებო სისტემის რეფორმას, მისივე თქმით, იგი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციაში მიმართულებების გამიჯვნის პარალელურად, უნდა გაიზარდოს არსებულ გამომძიებელთა კვალიფიკაცია და სისტემაში ინტენსიურად მოხდეს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მათი პროფესიული მომზადება.

„შსს აკადემიას ამ მიზნით შემუშავებული აქვს შესაბამისი სასწავლო მოდულები, გამომძიებელთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საგამოძიებო სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა. რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გამოძიების ხარისხის ამაღლება, საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის პრიორიტეტულია აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ამაღლებას. საგამოძიებო სისტემის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, მნიშვნელოვანია სისტემის შიგნით, ცენტრალიზებულ დონეზე, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათი დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას გააჩენს. სწორედ ამ მიზნით, გაფართოვდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი და იგი გარდაიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტად, რომლის ძირითად ფუნქციად სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი განისაზღვრა. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემის შემდგომი განვითარება და, ამ მხრივ, სამინისტროში დაწყებული რეფორმების გაგრძელება.

ვახტანგ გომელაურს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ. დღესვე კომიტეტებზე უსმენენ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.