ვახტანგ გომელაური - ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა
ვახტანგ გომელაური - ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია და საქართველოში იმყოფება.

„ვმუშაობთ ამ თემაზე. მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს ღირსების თემაა. ასეთი რამ დიდი ხანია, არ მომხდარა. იყო რაღაც თემები. სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ვისაც ყველაზე მეტად უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არც დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის. მე არ მითქვამს, რომ მისი ადგილსამყოფელი იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.