ვახტანგ გომელაური ხათუნა სამნიძეს - ბერძენიშვილზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მანქანა არ დაზიანებულა და მოკვლევაც არ დაგვიწყია, ბევრს ეზღუდება გადაადგილება,  300 ადამიანი პარლამენტთან როცა კეტავთ გზას, დავაკავოთ ყველა?
ვახტანგ გომელაური ხათუნა სამნიძეს - ბერძენიშვილზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მანქანა არ დაზიანებულა და მოკვლევაც არ დაგვიწყია, ბევრს ეზღუდება გადაადგილება,  300 ადამიანი პარლამენტთან როცა კეტავთ გზას, დავაკავოთ ყველა?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 15 იანვარს ყვარელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექცია ვერანაირ მოკვლევას ვერ დაიწყებდა, რადგან ამის საფუძველი არ არსებობდა.

პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა და კადრებში ჩანს, რომ პოლიცია უმოქმედოდ დგას. ხათუნა სამნიძე დაინტერესდა, დაიწყო თუ არა გენისპექციამ მოკვლევა თანამშრომლების უმოქმედობაზე.

ვახტანგ გომელაურის თქმით, იქ მყოფ ადამიანებს არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და არც ავტომობილი დაუზიანებიათ, რა შემთხვევაშიც პოლიცია უკვე სხვაგვარად იმოქმედებდა.

„ყვარელის თემაზე, რა თქმა უნდა, არანაირი მოკვლევა არ დაუწყია გენერალურ ინსპექციას. იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი, უცებ მოხდა ყველაფერი. შვიდი თუ ექვსი პოლიციელი იყო. ბატონი ბერძენიშვილი არ გადმოსულა მანქანიდან. მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას, თუ მეტყვით, კი ბატონო. შვიდ ადამიანს 50 ადამიანი დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მანქანა არ დაუზიანებიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ. ეგრე რომ ავიღოთ, ელემენტარულად, როცა 500-300 ადამიანი იკრიბება პარლამენტის წინ, ოპოზიცია, მათ შორის თქვენც, და კეტავთ გზას, ბევრ ადამიანს, რომელიც მიდის სხვადასხვა ადგილას, საავადმყოფოში მიჰყავს ბავშვი, ეზღუდება გადაადგილება. რა უნდა გავაკეთოთ, ეს 300 და 500 კაცი დავაკავოთ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანოთ? თუ მოხდება დაზიანება, ფიზიკური ზეწოლა, ეს სხვა თემაა. მანქანაში იჯდა, არც გადმოსულა მანქანიდან, რა მოკვლევა უნდა დაგვეწყო. პოლიციელებს რა უნდა გაეკეთებინათ? არანაირი მოკვლევა არ დაგვიწყია და ვფიქრობ, ამ პოლიციელებს არაფერი დაუშვებიათ. ასე თუ მივუდგებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კეტავენ გზას, როცა 500 ადამიანი თავისუფლად ეტევა პარლამენტის წინ, არასაგზაო მონაკვეთზე, მაშინ უნდა დავაკავოთ ყველა, თუმცა იმ დროს არავინ იძახით, ხალხი დააკავეთო. თქვენ, რა თქმა უნდა, არ მოგეწონებათ ჩემი პაუხი, ჩემი პასუხი არასდროს მოგწონთ ხოლმე. ყველაზე უნდა გავრცელდეს მაშინ ის, რასაც სხვებზე ითხოვთ“, – მიმართა ვახტანგ გომელაურმა ხათუნა სამნიძეს.