ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელს მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ
ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელს მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ

არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყველა დანაყოფისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი. ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ამ მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონული დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.

სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის – როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის. არაერთხელ გავაკეთე განცხადება, არ გვიხარია ნამდვილად მათი დაჯარიმება. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ. პანდემიის დროს მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა დახმარებისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.