ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიერ წაღებული ფული ბიუჯეტის თანხა არ იყო და „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნოდა
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიერ წაღებული ფული ბიუჯეტის თანხა არ იყო და „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ფულადი თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა წაიღო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ ყოფილა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, თანხა რომელიც თავდამსხმელმა წაიღო არის ბიუჯეტის თანხა, თუ „საქართველოს ბანკის“, მინისტრმა აღნიშნა: „ასე ძალიან თუ გაინტერესებთ, ეს არ არის ბიუჯეტის თანხა“.

მისივე განმარტებით, თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა, რომლის ფილიალზეც თავდასხმა განხორციელდა, ხოლო ფული თავდამსხმელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ მიიტანა.

„ბატონი ავთო შევიდა, ვინც გაჰყვა და ვინც აიყვანეს. რა მნიშვნელობა აქვს, გითხარით, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ასე ხდება. ეს ყველგან ხდება. მსოფლიოში ასე ხდება. ბანკში როცა შედიან და იყვანენ მძევლებს, ყველამ იცის. აბა, „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი