ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს 
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერს არ შეისწავლიან, პარაპლანით ფრენები აიკრძალება.

ამის შესახებ გომელაურმა გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს.

„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.