ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობა ასაღები.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ვერ ხდება მოპედების კონტროლი ვიდეოკამერებით და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მონაცემები კატასტროფულად გაზრდილი არ არის.

მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა გომელაურმა.