ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე მუქარასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე მუქარასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტ გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.

გომელაურის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ რამე გამოიკვეთება, მედიას აცნობებენ.

„ფაქტზე საქმე აღიძრა. ვმუშაობთ და თუ რამე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ. გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, მუქარის მიმართულებით ხომ არ აღიძრა საქმე, რადგან მუმლაძე აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან, გომელაურმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ზუსტად ამ ფაქტზე აღიძრა საქმე გუშინ საღამოს და თუ რამე ახალი იქნება, გაცნობებთ“, – აღნიშნა გომელაურმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

ამასთან, პარტიის ოფისში დაპირისპირების შესახებ გიორგი მუმლაძემ გუშინ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფიზიკური დაპირისპირება ნამდვილად მოხდა. მისი თქმით, დაპირისპირება უკავშირდებოდა არა დავით კეზერაშვილის საკითხს, არამედ ერთ-ერთ გადაცემაში პარტიაში ჩანერგილი სუს-ის აგენტების შესახებ გასულ ინფორმაციას. როგორც მუმლაძე განმარტავს, აღნიშნული სიუჟეტიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ თანამებრძოლზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო სუს-ის აგენტი. ასევე, მუმლაძემ ფეისბუქლაივისას აღნიშნა, რომ პარტიის ერთ-ერთი ხელფასიანი თანამშრომელი თენგო სანაია მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა.