ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებულის შევიწროებასთან დაკავშირებით პოლიციელების მიმართ ბრალდება სამარცხვინო და ამაზრზენია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამარცხვინოა პოლიციელების მიმართ ბრალდება აქციაზე დაკავებულის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, გომელაურს კითხვა დაუსვეს 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის განცხადებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დაკავების შემდეგ სექსუალურად შეავიწროვეს და დამამცირებლად მიმართავდნენ.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ერთ პროცენტსაც არ უშვებს, რომ ასეთი რამ მოხდა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რასაც დამტკიცება სჭირდება.
„პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან სამარცხვინო ბრალდება. ასეთი საქციელი არასდროს ყოფილა. მკვლელებს, რეციდივისტებს არ ვექცევით ასე და როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელებმა აიყვანეს ახალგაზრდა გოგო, მუხლებზე დააყენეს და ასე მიჰყავდათ. რაღაც სისულელეებია, დაამტკიცონ. ეგრე მე შემიძლია, დაგაბრალოთ, რომ მოხვედით ჩემს სახლში და აწამეთ ჩემი შვილი. ხომ უნდა დავამტკიცო? „ეფბიაის“ გამოვაძიებინო? პროკურატურას ენდობით? თქვენ ხომ საზოგადოების სახელით მეკითხებით და მეც გეკითხებით. ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ, რომ ასეთი რაღაცა მოხდა. მართლა ამაზრზენია, ისეთი ბრალდებაა, რომ მე თვითონ მრცხვენია, საიდან მოიგონეს ასეთი ბრალდება, ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი თემაა. ერთ პროცენტსაც არ ვუშვებ არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, თუნდაც როგორც მოქალაქე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.