ვახტანგ გომელაური - 2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, პრიორიტეტი იქნება კრიმინალური პოლიციის რეფორმის ეფექტიანად განხორციელება
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, პრიორიტეტი იქნება კრიმინალური პოლიციის რეფორმის ეფექტიანად განხორციელება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელსაც გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები.

„პოლიციელთა სპეციალიზაციისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2021 წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. რეფორმის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის კონცეფცია. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2021 წელს დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს: ანალიტიკური ქსელის გაფართოებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა/განახლებას და ადამიანური რესურსების განვითარებას. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას. 2022 წელს გაგრძელდება რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. მთავარი პრიორიტეტი იქნება: კრიმინალური პოლიციის რეფორმის სწორად დაგეგმილ ვადებში ეფექტიანად განხორციელება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის გაძლიერება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.