ვახტანგ გომელაური - 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები

2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით სამინისტრომ შეიმუშავა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები.

„საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი – სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.